ხელოვნების ფესტივალი ბორჯომში  

 

 

25 -27იანვარს, ბორჯომში ჩატარდა ხელოვნების პირველი ფესტივალი ”ნუა -ბორჯომი”, (დამფუძნებლები: ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ხელოვნებისა და მეცნიერების საერთაშორისო კავშირი ”ნუა.” იდეისა და პროექტის ავტორი დოქტორი თემურ ბიბილური.)

საფესტივალო პროგრამა შედგებოდა სამი ძირითადი სეგმენტისაგან: ბორჯომელი მხატვრების, სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პროფესორებისა და მაგისტრანტების ნამუშევრების გამოფენა; ბორჯომის ახლადდაფუძნებული სამხატვრო სკოლის მოსწავლეთათვის აკადემიის რექტორის, პროფ. გია ბუღაძის მასტერ-კლასი; ბორჯომის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის- აკადემიის პროფესორების ანი კლდიაშვილისა და ნინო ღაღანიძის ლექციები ხელოვნების ისტორიის საკითხებზე; ფლორენციის საერთაშორისო ფესტივალზე გამარჯვებულ სამხატვრო აკადემიის, მედია-ხელოვნების მაგისტრანტთა ნამუშევრების ჩვენება (პროფ. ნანა იაშვილი); მუსიკალური საღამოები - ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმებიანი კვარტეტის, სამხატვრო აკადემიის კამერული ორკესტრის, ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ ”შავნაბადა”-ს და ბორჯომის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.

ფესტივალი წარმოადგენს ერთ ძირითად მიმართულებას პროგრამისა ”ბორჯომი - ხელოვნების ქალაქი”. აღნიშნული პროგრამის სრულად ამოქმედება ხელს შეუწყობს სტუმართა ნაკადის ზრდას, საკურორტო ქალაქში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად იმოქმედებს ადგილობრივი თემის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ფესტივალი ”ნუა -ბორჯომი” ჩატარდება ყოველწლიურად. ზამთრის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სეზონის პიკზე და ზაფხულის საკურორტო სეზონის დასაწყისში.

დიზაინი: 
©2007 თსსა